вторник, 9 октября 2018 г.

საბაზო საფეხურის სტანდარტები



ა) 
ფიზიკა

საბაზო საფეხურის სტანდარტი

შესავალი                                                                  
საბაზო საფეხურის ფიზიკის სტანდარტი შედგება შემდეგი  ნაწილებისაგან:
ა) საგნის სწავლა-სწავლების მიზნები;
ბ) სტანდარტის შედეგები და შინაარსი;
გ) საფეხურებრივი საკვანძო კითხვები;
დ) მეთოდიკური ორიენტირები;
ე) შეფასება.


საბაზო საფეხურზე საგან „ფიზიკაში შეისწავლება მექანიკის, ელექტრული, მაგნიტური, ოპტიკური და სითბური მოვლენების ძირითადი პრინციპები. მოსწავლე გაეცნობა ბუნებაში მიმდინარე ფიზიკური პროცესების კანონზომიერებებს, მათ გავლენას გარემომცველ სამყაროზე და მათ როლს მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარებაში.
საგნის სწავლა-სწავლებისას მოსწავლე ჩართული იქნება აქტივობებში, რომლებიც მას მოვლენების არსის გაგებაში, ახალი ცოდნის შექმნაში და ამ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებაში დაეხმარება. 

ა) საგნის სწავლა-სწავლების მიზნები
ფიზიკის სწავლა-სწავლების მიზნებია, მოსწავლეს:
·         გაუჩნდეს ინტერესი ფიზიკური პროცესების შესწავლის მიმართ;
·         შეეძლოს სამყაროში მიმდინარე მოვლენებში ფიზიკის კანონზომიერებების დანახვა და მიღებული ცოდნის გამოყენებით სხვადასხვა ცხოვრებისეული ამოცანების გადაჭრა;
·         შეეძლოს გარემოში მიმდინარე ფიზიკური პროცესების ურთიერთდაკავშირება;
·         განუვითარდეს კვლევითი უნარ-ჩვევები, რომლებსაც ახალი ცოდნის მისაღებად გამოიყენებს;
·         ფიზიკური მოვლენების ანალიზის საფუძველზე შეეძლოს ბუნებაში სხვადასხვა მოვლენის პროგნოზირება;
·         შესძინოს ფიზიკის დარგობრივი ენით ოპერირების უნარი.

ამ მიზნებზე მუშაობით ფიზიკა თავის წვლილს შეიტანს ეროვნული სასწავლო გეგმის მისიისა და მიზნებით გათვალისწინებული უნარებისა და ღირებულებების განვითარებასა და ჩამოყალიბებაში.   

ბ) სტანდარტის შედეგები და შინაარსი
სტანდარტის შედეგები საგნის სწავლა-სწავლების მიზნებიდან გამომდინარეობს. ისინი პასუხობს შეკითხვას: რა უნდა შეეძლოს მოსწავლეს ფიზიკაში საბაზო საფეხურის ბოლოს.
ეს შედეგები ჯგუფდება სამ მიმართულებად: 
1.       ფიზიკური მოვლენები - გულისხმობს ფიზიკის ძირითად კონცეფციება და კანონზომიერებების გააზრებას;  საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისათვის საერთო ცნებებზე (ნივთიერება და მატერია, სტრუქტურა და ფუნქცია, ენერგია და ენერგიის გარდაქმნა, სისტემები და ურთიერთქმედებები, მდგრადობა და ცვლილებები) წარმოდგენების ჩამოყალიბებას;
2.       მეცნიერული კვლევა-ძიება - გულისხმობს გულისხმობს მოსწავლის ჩართვას დაკვირვებებ, მარტივ ექსპერიმენტებისა და ცდების განხორციელებაში;
3.       მეცნიერება და ტექნოლოგიები - გულისხმობს აბუნებისმეტყველო მეცნიერებების გამოყენებითი ასპექტების აღქმას; საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების მიღწევების გავლენის გაცნობიერებას საზოგადოებასა და გარემოზე; მნიშვნელოვანი სამეცნიერო აღმოჩენების შეფასებას; გააზრებას, რომ მეცნიერული შეხედულებები და მოსაზრებები ვითარდება და შეიძლება შეიცვალოს დროთა განმავლობაში.

სტანდარტის შინაარსი მოიცავს ცნებებს, თემებს და საკითხებს.
ცნებების სახით განსაზღვრულია ის ცოდნა, რომელსაც მოსწავლე საგნის ფარგლებში უნდა დაეუფლოს. ცნებები შედეგებთან ერთად უნდა დამუშავდეს მოსწავლისთვის ნაცნობ კონტექსტებში. ეს კონტექსტები სავალდებულო თემების სახითაა წარმოდგენილი.
თითოეულ თემას ახლავს საკითხები და შეფასების ინდიკატორები. საკითხები აკონკრეტებს თემას, შეფასების ინდიკატორები კი განსაზღვრავს, თუ რა უნდა შეფასდეს კონკრეტულ თემაში (თითოეულ ინდიკატორს ახლავს შესაბამისი შედეგის ინდექსის ნომერი, რომელიც განსაზღვრავს, თუ რომელი შედეგიდან/შედეგებიდან გამომდინარეობს იგი).


ინდექსების განმარტება
საბაზო საფეხურზე სტანდარტში გაწერილ თითოეულ შედეგს წინ უძღვის ინდექსი, რომელიც მიუთითებს საგანს, სწავლების ეტაპსა და სტანდარტის შედეგის ნომერს; მაგ., ფიზ.საბ.1.:
„ფიზ.“  იუთითებს საგანს „ფიზიკა’’;
„საბ.“მიუთითებს საბაზო საფეხურს
1  მიუთითებს სტანდარტის შედეგის ნომერს.















ფიზიკის სტანდარტის შედეგები (VII-IX კლასები)

შედეგების ინდექსები
სტანდარტის შედეგები
ცნებები

მიმართულება: ფიზიკური მოვლენები
მოსწავლემ უნდა შეძლოს

ფიზ.საბ.1.
მატერიის დახასიათება მისი ფიზიკური თვისებების მიხედვით;
მატერია, სისტემები,
სტრუქტურა,
ფუნქცია,
ურთიერთქმედება,
ენერგია
ფიზ.საბ.2.
სხეულთა ურთიერთქმედებაზე და ურთიერთქმედების შედეგებზე არგუმენტირებული მსჯელობა; 
ფიზ.საბ.3.
ენერგიის სახეების დახასიათება და მათ ურთიერთგარდაქმნაზე არგუმენტირებული მსჯელობა.

მიმართულება: მეცნიერული კვლევა-ძიება
მოსწავლემ უნდა შეძლოს

ფიზ.საბ.4.
ფიზიკური მოვლენების შესწავლის მიზნით კვლევის (ცდა, ექსპერიმენტი) დაგეგმვა (ჰიპოთეზების შემუშავება, დამოკიდებული და დამოუკიდებელი ცვლადების განსაზღვრა, კვლევის პროცედურის, მონაცემების აღრიცხვის ფორმების განსაზღვრა, სათანადო რესურსების შერჩევა);
კვლევის მეთოდი
დაგეგმვა-განხორციელება
მოდელი

ფიზ.საბ.5.
ფიზიკური პროცესებისა და კანონზომიერებების კვლევისათვის საჭირო პროცედურების განხორციელება (დაკვირვება, გაზომვა, მონაცემების აღრიცხვა, შესაბამისი მასალისა და აღჭურვილობის ადეკვატურად გამოყენება); 
ფიზ.საბ.6.

თვისებრივი და რაოდენობრივი მონაცემების სხვადასხვა ფორმით (ცხრილებით, დიაგრამები, გრაფიკებით და სხვ.) ჩაწერა და ორგანიზება; მონაცემების ორგანიზებისთვის ინფორმაციულ- საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება;
ფიზ.საბ.7.
მონაცემების გაანალიზება და არგუმენტირებული მსჯელობის საფუძველზე დასკვნების გამოტანა, ცვლადებს შორის დამოკიდებულების აღსაწერად დიაგრამების და გრაფიკების გამოყენება;
ფიზ.საბ.8.
მოდელების შექმნა და გამოყენება ფიზიკური მოვლენების/ კანონზომიერებების საჩვენებლად;
ფიზ.საბ.9.
ცდისა და ექსპერიმენტის დაგეგმვისა და ჩატარებისას უსაფრთხოების წესების დაცვა.

მიმართულება: მეცნიერება და ტექნოლოგიები
მოსწავლემ უნდა შეძლოს

ფიზ.საბ.10.
საბუნებისმტყველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიები მიღწევების შეფასება მდგრადი განვითარების პრინციპების თვალსაზრისით;
აღმოჩენა, თეორია, კანონი, ტექნოლოგია, მდგრადი განვითარება.

ფიზ.საბ.11.
საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისდა ტექნოლოგიების მიღწევების ყოველდღიურობასთან დაკავშირება;
ფიზ.საბ.12.
საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სხვადასხვა პროფესიასთან დაკავშირება.

თემებისა და  ცნებების დამაკავშირებელი ცხრილი
ცხრილში მოცემულია სავალდებულო თემები, რომლებიც უნდა ისწავლებოდეს VII-დან IX კლასის ჩათვლით.  ასევე, მოცემულია ცნებები, რომლებიც ყველა თემის ფარგლებში უნდა დამუშავდეს.

სავალდებულო  თემები
ცნებები
ნივთიერების აგებულება და მისი ფიზიკური თვისებები
მატერია, სისტემები,
სტრუქტურა; ფუნქცია; ურთიერთქმედება;
ენერგია (ენერგიის მუდმივობა, ენერგიის გარდაქმნა)
კვლევა
კვლევის მეთოდი (ცდა, ექსპერიმენტი, გამოკითხვა, ინტერვიუ);
კვლევის დაგეგმვა-განხორციელება (საკვლევი კითხვა, ჰიპოთეზა, უსაფრთხოება, რესურსი, ცვლადი (დამოუკიდებელი, დამოკიდებული)  მონაცემი, მონაცემთა ორგანიზება, მონაცემთა ანალიზი, დასკვნა);
მოდელი (ფორმულა);
აღმოჩენა, თეორია, კანონი, ტექნოლოგია;
მდგრადი განვითარება.
თანაბარი მოძრაობა
ძალა და წნევა
მექანიკური მოვლენები
ელექტრომაგნიტური მოვლენები
სითბური მოვლენები
აჩქარებული  მოძრაობა
სტატიკა და დინამიკა
ოპტიკური მოვლენები




თემების, საკითხებისა და შეფასების ინდიკატორების დამაკავშირებელი ცხრილები
თითოეულ ცხრილში მოცემულია თემის დასახელება, თემის შესაბამისი საკითხები, რომლებიც აზუსტებს თემას. შეფასების ინდიკატორებში ნაჩვენებია, თუ როგორ რეალიზდება შედეგები კონკრეტულ თემაში.

თემა: ნივთიერების აგებულება და მისი ფიზიკური თვისებები

საკითხთა მინიმუმი:
1.       ატომები, მოლეკულები და მათი ურთიერთქმედება;
2.       დიფუზია და აგრეგატული მდგომარეობის ცვლილება;
3.       მასა და სიმკვრივე.
შეფასების ინდიკატორები - მოსწავლემ უნდა შეძლოს:
·         აგრეგატული მდგომარეობის დაკავშირება ნივთიერების ატომურ-მოლეკულურ აგებულებასთან (ფიზ.საბ.1, 2, 3);
·         ნივთიერების აგრეგატული მდგომარეობის ცვლილების პირობების დადგენა და სიმკვრივის განსაზღვრა ექსპერიმენტულად (ფიზ.საბ.1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 9);
·         დიფუზიის მოვლენის სადემონსტრაციო მოდელის შექმნა და პრობლემაზე დაფუძნებული ამოცანების გადაჭრა (ფიზ.საბ.4, 5, 6, 7,  8, 9);
·         დიფუზიის მოვლენის როლის შეფასება ბუნებასა და ყოფაცხოვრებაში (ფიზ.საბ.1, 2, 3, 10, 11);
·         ნივთიერებების ფიზიკური მახასიათებლების ცოდნის დაკავშირება სხვადასხვა პროფესიასთან/საქმიანობის სფეროსთან (ფიზ.საბ.1, 2, 3, 10, 11, 12).



თემა: თანაბარი მოძრაობა

საკითხთა მინიმუმი:
1.       სხეულთა მოძრაობა;
2.       ათვლის სისტემა;
3.       თანაბარი მოძრაობის სიჩქარე.

შეფასების ინდიკატორები - მოსწავლემ უნდა შეძლოს:
·         სხეულის მოძრაობის დამახასიათებელ პარამეტრებზე (ტრაექტორია, გავლილი გზა, ათვლის სხეული, ნივთიერი წერტილი, გადაადგილება, სიჩქარე, საშუალო სიჩქარე, ინერცია,) მსჯელობა (ფიზ.საბ.1,2, 3, 6);
·         წრფივი თანაბარი მოძრაობის შესწავლა მოდელის საშუალებით; პრობლემაზე დაფუძნებული ამოცანების გადაჭრა (ფიზ.საბ.4, 5, 6, 7, 8, 9);
·         სხეულთა სიჩქარის როლის შეფასება ბუნებასა და ყოფაცხოვრებაში (ფიზ.საბ. 10, 11);
·         სხეულთა მოძრაობის სახეების ცოდნის დაკავშირება სხვადასხვა პროფესიასთან/საქმიანობის სფეროსთან (ფიზ.საბ.10, 11, 12).



თემა: ძალა და წნევა 

საკითხთა მინიმუმი:
1.       სხეულზე მოქმედი ძალები;
2.       წნევა აირებსა და სითხეებში;
3.       ატმოსფერული წნევა;
4.       ზიარჭურჭელი.
შეფასების ინდიკატორები - მოსწავლემ უნდა შეძლოს
·         ბუნების სხვადასხვა ძალის მოქმედების შედეგებზე მსჯელობა (ფიზ.საბ.1, 2, 3, 6);
·         აირებსა და სითხეებში წნევის განაწილების თავისებურებების ექსპერიმენტულად დადგენა და დაკვირვების შედეგების განზოგადება. პრობლემაზე დაფუძნებული ამოცანის გადაჭრა (ფიზ.საბ.4, 5, 6, 7, 9);
·         წნევის როლის შეფასება ბუნებასა და ყოფაცხოვრებაში (ფიზ.საბ.10, 11);
·         აირებსა და სითხეებში წნევის მოქმედების პრინციპების ცოდნის დაკავშირება სხვადასხვა პროფესიასთან/საქმიანობის სფეროსთან (ფიზ.საბ.სტ.10, 11, 12).


თემა: მექანიკური მოვლენები

საკითხთა მინიმუმი:
1.       მექანიკური მუშაობა, სიმძლავრე და ენერგია;
2.       სხეულთა წონასწორობა;
3.       მარტივი მექანიზმები.
შეფასების ინდიკატორები - მოსწავლემ უნდა შეძლოს
·         მუშაობის, როგორც ენერგიის ცვლილების  შედეგის, დახასიათება (ფიზ.საბ. 1, 2, 3);
·         სხეულზე მოქმედი სხვადასხვა ტიპის ძალების მოქმედების შედეგების შესწავლა მოდელების საშუალებით. პრობლემაზე დაფუძნებული ამოცანების გადაჭრა (ფიზ.საბ. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9);
·         მარტივი მექანიზმების, მსოფლიო მიზიდულობის ძალის, ამომგდები ძალის როლის შეფასება ბუნებასა და ყოფაცხოვრებაში (ფიზ.საბ. 10, 11);
·         სხეულთა წონასწორობის პირობების ცოდნისა და მარტივი მექანიზმების გამოყენების დაკავშირება სხვადასხვა პროფესიასთან/საქმიანობის სფეროსთან (ფიზ.საბ.10,11,12).


თემა: ელექტრომაგნიტური მოვლენები
საკითხთა მინიმუმი:
1.       სხეულთა დაელექტროება;
2.       ომის კანონი წრედის უბნისთვის (მიმდევრობითი და პარალელური შეერთება);
3.       ელექტრული ველის მუშაობა და სიმძლავრე;
4.       ელექტრომაგნიტები.

შეფასების ინდიკატორები - მოსწავლემ უნდა შეძლოს:
·         ნივთიერების გვარობაზე სხეულის დაელექტროების დამოკიდებულებაზე მსჯელობა (ფიზ.საბ.1, 2, 3);
·         ელექტრული ენერგიის მუშაობასა და სიმძლავრეზე და სხვა სახის ენერგიად გარდაქმნაზე არგუმენტირებული მსჯელობა (ფიზ.საბ. 2, 3);
·         ელექტრული მოვლენების, მიმდევრობითი და პარალელური შეერთების შესწავლა მოდელების საშუალებით; პრობლემაზე დაფუძნებული ამოცანების გადაჭრა (ფიზ.საბ. 4, 5, 6, 7, 8, 9);
·         ელექტროენერგიის მიღების, ელექტრული დენის მაგნიტური თვისებების თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ყოველდღიურ ცხოვრებაში რაციონალურად და უსაფრთხოდ გამოყენებაზე არგუმენტირებული მსჯელობა (ფიზ.საბ.10, 11);
·         ელექტრომაგნიტური პროცესების ცოდნის დაკავშირება სხვადასხვა პროფესიასთან/საქმიანობის სფეროსთან (ფიზ.საბ.10,11,12).


თემა: სითბური მოვლენები
საკითხთა მინიმუმი:
1.       სითბოს გადაცემა;
2.       სითბოს რაოდენობა;
3.       სითბური ძრავები და ეკოლოგიური პრობლემები.

·         სითბოს გადაცემის სახეების დახასიათება და მათ თავისებურებებზე არგუმენტირებული მსჯელობა (ფიზ.საბ.1, 2, 3);
·         სითბური ძრავების მოქმედების პრინციპსა და მათი მუშაობით შექმნილ ეკოლოგიურ პრობლემებზე არგუმენტირებული მსჯელობა (ფიზ.საბ. 1, 2, 3, 10, 11);
·         ნივთიერების სითბოტევადობისა და წვის კუთრი სითბოს ექსპერიმენტული შესწავლა მოდელების დახმარებით;  პრობლემაზე დაფუძნებული ამოცანების გადაწყვეტა (ფიზ.საბ. 4, 5, 6, 7, 8, 9);
·         კუთრი სითბოტევადობების და წვის კუთრი სითბოს როლის შეფასება ბუნებასა და ყოფაცხოვრებაში  (ფიზ.საბ.1, 2, 3, 10, 11);
·         ბუნებაში მიმდინარე სითბური პროცესების შესახებ ცოდნის დაკავშირება სხვადასხვა პროფესიასთან/საქმიანობის სფეროსთან (ფიზ.საბ.10,11,12).




თემა: აჩქარებული მოძრაობა

საკითხთა მინიმუმი:
1.       არათანაბარი მოძრაობა;
2.       მრუდწირული (წრიული) მოძრაობა.

შეფასების ინდიკატორები - მოსწავლემ უნდა შეძლოს
·         სხეულის არათანაბარი მოძრაობის დამახასიათებელ პარამეტრებზე მსჯელობა (ფიზ.საბ. 1, 2, 3, 6);
·         წრფივი თანაბარაჩქარებული და მრუდწირული მოძრაობის შესწავლა მოდელის საშუალებით; პრობლემაზე დაფუძნებული ამოცანების გადაჭრა (ფიზ.საბ. 4, 5, 6, 7, 8, 9);
·         სხეულთა სიჩქარის ცვლილების როლის შეფასება ბუნებასა და ყოფაცხოვრებაში (ფიზ.საბ. 10, 11);
·         აჩქარებული მოძრაობის პრინციპების ცოდნის დაკავშირება სხვადასხვა პროფესიასთან/საქმიანობის სფეროსთან (ფიზ.საბ.10,11,12).
   

თემა: სტატიკა და დინამიკა                                                                         
საკითხთა მინიმუმი:
1.       ნიუტონის კანონები;
2.       მსოფლიო მიზიდულობის ძალა;
3.       ამომგდები ძალა სითხეებსა და აირებში.
შეფასების ინდიკატორები - მოსწავლემ უნდა შეძლოს:
·         ნიუტონის კანონების საშუალებით სხეულის მოძრაობის დაკავშირება მასზე მოქმედ ძალებთან (ფიზ.საბ. 2,3,7);
·         მსოფლიო მიზიდულობის ძალის დაკავშირება პლანეტების ხელოვნური თანამგზავრისა და კოსმოსური სადგურების მოძრაობასთან (ფიზ.საბ.2,3,4,7,8,10,11);
·         სითხეებსა და აირებში ამომგდებ ძალაზე არგუმენტირებული მსჯელობ(ფიზ.საბ.1, 2, 3);
·         ნიუტონის კანონების, სხეულთა ცურვის პირობების ლაბორატორიული შესწავლა მოდელების საშუალებით. პრობლემაზე დაფუძნებული ამოცანების გადაჭრა (ფიზ.საბ.2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9);
·         სხეულზე მოქმედი სხვადასხვა ტიპის ძალების როლის შეფასება ბუნებასა და ყოფაცხოვრებაში (ფიზ.საბ. 10, 11);
·         დასაქმების სფეროების დაკავშირება ნიუტონის კანონების და/ან ცურვის პირობების ცოდნასთან (ფიზ.საბ.10, 11, 12).

თემა: ოპტიკური მოვლენები
საკითხთა მინიმუმი:
1.       სინათლის გავრცელება სხვადასხვა გარემოში;
2.       გამოსახულების აგება ლინზაში;
3.       ოპტიკური ხელსაწყოები.
შეფასების ინდიკატორები - მოსწავლემ უნდა შეძლოს:
·         სინათლის სხივის სხვადასხვა გარემოში გავრცელების თავისებურებებზე არგუმენტირებული მსჯელობა (ფიზ.საბ. 1, 2, 3);
·         ოპტიკური მოვლენების კვლევა მოდელების დახმარებით; პრობლემაზე დაფუძნებული ამოცანების გადაჭრა (ფიზ.საბ.4, 5, 6, 7, 8, 9);
·         სინათლის ბუნებრივი და ხელოვნური წყაროების როლის შეფასება ბუნებასა და ყოფაცხოვრებაში. მათ უსაფრთხოდ გამოყენებაზე არგუმენტირებული მსჯელობა (ფიზ.საბ.2, 3, 4, 9, 10, 11);
·         ნიუტონის კანონების და/ან ცურვის პირობების ცოდნის დაკავშირება სხვადასხვა პროფესიასთან/საქმიანობის სფეროსთან (ფიზ.საბ.10, 11, 12).


) საფეხურებრივი საკვანძო კითხვები
საფეხურებრივი საკვანძო კითხვები სტანდარტის ცნებებს აკავშირებს შედეგებთან.

·         როგორ უნდა შევისწავლო ფიზიკური მოვლენები?
·         როგორ ჩავატარო კვლევა: დაკვირვება, ექსპერიმენტი?
·         რაში და როგორ შეიძლება გამოვიყენო ფიზიკური კანონზომიერებების ცოდნა?
·         როგორ გარდაიქმნება ენერგია ერთი სახეობიდან მეორე სახეობად? რატომ არის ენერგია მუდმივი?
·         როგორ ურთიერთქმედებენ ბუნებაში არსებული ძალები?
·         რა გავლენას ახდენს ნივთიერების აგრეგატული მდგომარეობის ცვლილება ბუნებაში მიმდინარე პროცესებზე?

დ) მეთოდიკური ორიენტირები
სტანდარტის ამ ნაწილში განსაზღვრულია, თუ რა პრინციპების საფუძველზე უნდა წარიმართოს სწავლა-სწავლების პროცესი. ასევე, მოცემულია მოკლე ინსტრუქციები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დაიგეგმოს კონკრეტული სასწავლო ერთეულის – თემის სწავლა-სწავლება.
საგნის სწავლა-სწავლება უნდა წარიმართოს შემდეგი პრინციპების დაცვით:
) სწავლა-სწავლება ხელს უნდა უწყობდეს მოსწავლეთა შინაგანი ძალების გააქტიურებას.
) სწავლა-სწავლება ხელს უნდა უწყობდეს ცოდნის ეტაპობრივად კონსტრუირებას წინარე ცოდნაზე დაფუძნებით.
) სწავლა-სწავლება ხელს უნდა უწყობდეს ცოდნათა ურთიერთდაკავშირებას და ორგანიზებას.
) სწავლა-სწავლება უნდა უზრუნველყოფდეს სწავლის სტრატეგიების დაუფლებას (სწავლის სწავლა).
) სწავლა-სწავლება უნდა მოიცავდეს ცოდნის სამივე კატეგორიას: დეკლარატიულს, პროცედურულსა და პირობისეულს. 

საგნობრივი შედეგების გარდა, სწავლა-სწავლებისა და შეფასების სამიზნედ უნდა იქცეს ასევე შემდეგი გამჭოლი უნარები და ღირებულებები:


შემოქმედებითი აზროვნება

·   ჩანაფიქრის შემოქმედებითად განხორციელება;
·   ორიგინალური იდეების გამოვლენა და ხორცშესხმა; ახლის შექმნა;
·   დასმული პრობლემების გადასაჭრელად  არასტანდარტული გზების მოძიება;
·   სწრაფვა გარემოს გარდაქმნა-გაუმჯობესებისკენ;
·   გამოწვევების მიღება, სასკოლო საქმიანობებში გაბედული ნაბიჯების გადადგმა.
თანამშრომლობა
·    სამუშაოს თანაბრად განაწილება და შესრულება ჯგუფური/გუნდური მუშაობის დროს;
·    მზაობა ჯგუფში/გუნდში  სხვადასხვა ფუნქციის შესასრულებლად;
·    განსხვავებული იდეების, შეხედულებების კონსტრუქციულად განხილვა;
·   რესურსების, მოსაზრებების, ცოდნის გაზიარება  პრობლემათა ერთობლივად გადაჭრის,   გადაწყვეტილებათა  ერთობლივად მიღების მიზნით.
ინიციატივების გამოვლენა და საქმედ ქცევა
·   სწავლა-სწავლების პროცესში ინტერესისა და ცნობისმოყვარეობის გამოვლენა;
·   ახალი იდეების, მიდგომების, შესაძლებლობების ძიება და მათი განხორციელება სწავლის გაუმჯობესების მიზნით;
·    მზაობა გამოწვევების მისაღებად, გაბედული ნაბიჯების გადასადგმელად.
დროსა და სივრცეში ორიენტირება
·    თანამედროვე რეალობის სივრცესა და დროში გააზრება და ინტერპრეტირება;
·    მულტიპერსპექტიული ხედვა დროითი და სივრცული ფაქტორების გათვალისწინებით.
სწავლის სწავლა,
დამოუკიდებლად საქმიანობა
·     აქტივობის/დავალების  ღირებულების განსაზღვრა  -  მოსწავლემ უნდა დაინახოს,  რას შესძენს  აქტივობის შესრულება, რა პიროვნულ თუ სოციალურ სარგებელს მოუტანს მას;
·     აქტივობის/დავალების დაგეგმვა - მოთხოვნათა გააზრება და მის შესასრულებლად საჭირო ცოდნის განსაზღვრა; დავალების/აქტივობის მთავარი მიზნის განსაზღვრა; სამუშაოს წარმატებით შესრულების კრიტერიუმების დადგენა; განსახორციელებელი სამუშაოს ეტაპების გამოკვეთა; იმის განჭვრეტა, თუ რა გაუადვილდება, რა გაუძნელდება, რაში დასჭირდება დახმარება; სტრატეგიების მიზანშეწონილად შერჩევა სამუშაოს თითოეული ეტაპისათვის;
·     სწავლის პროცესის მონიტორინგიდაფიქრება სწავლის პროცესზე, იმ პირობების და ფაქტორების ამოცნობა, რომლებიც ხელს უწყობს ან აფერხებს წინსვლას, სათანადო ზომების მიღება წინსვლის ხელშესაწყობად; თვითშეფასება ძლიერი და სუსტი მხარების დასადგენად, სუსტი მხარეების გასაძლიერებლად გზების დასახვა;
·     სოციო-ემოციური მართვა  - ნერვიულობის მინიმუმამდე დაყვანა, საჭიროების შემთხვევაში, დახმარების თხოვნა, საკუთარ თავში  სიძნელეთა გადალახვის რესურსების პოვნა; შეცდომების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბება და წინსვლისათვის გამოყენება;
·     ცალკეული საქმიანობისთვის გამოყოფილი დროის ეფექტიანად გამოყენება.
პასუხისმგებლობა

·    სასკოლო საქმიანობებში (სასკოლო ცხოვრებაში) ნაკისრი ვალდებულების შესრულება;
·    სამუშაოს დადგენილ ვადებში დასრულება და ჩაბარება;
·    საკუთარი ქცევის მართვა, საკუთარ ქცევებზე  პასუხისმგებლობის აღება.
ტექნოლოგიების გამოყენება
·    ქსელური ძიება;
·    მრავალგვარი ფორმის ელექტრონული ტექსტების შექმნა;
·    ელექტრონული  ტექსტების დამუშავება სხვადასხვა პროგრამის გამოყენებით.
წიგნიერება
·    ზეპირი და წერითი მეტყველების გზით ინფორმაციის მიღების, დამუშავების, გააზრების, სისტემაში მოყვანის, გაანალიზება-ინტერპრეტირებისა და წარდგენა-გაზიარების უნარი.




წ     წლიური პროგრამისა და სასწავლო თემის აგების პრინციპები

სტანდარტზე დაყრდნობით იგეგმება წლიური პროგრამები, რომლებიც გვიჩვენებს სტანდარტის მოთხოვნათა რეალიზების გზებს.  წლიური პროგრამა სარეკომენდაციო ხასიათისაა. სკოლას შეუძლია  გამოიყენოს რეკომენდებული წლიური პროგრამა ან თავად დასახოს სტანდარტის მიღწევის გზები ქვემოთ მოცემული პრინციპების მიხედვით. წლიური პროგრამები უნდა დაიგეგმოს სასწავლო თემების საშუალებით.

სასწავლო თემა იგეგმება შემდეგი კომპონენტების გამოყენებით:
სასწავლო თემა

სასწავლო თემა წარმოადგენს ფუნქციურ კონტექსტს, რომელიც სტანდარტის შედეგების, ცნებებისა თუ კონკრეტული საკითხების ინტეგრირებულად და ურთიერთდაკავშირებულად სწავლების საშუალებას იძლევა. თითოეული თემის ფარგლებში, შეძლებისდაგვარად,  უნდა დამუშავდეს სტანდარტის ყველა შედეგი.
საგნობრივი საკითხები
წლიური თემების ფარგლებში გამოიყოფა მცირე რაოდენობის საგნობრივი საკითხები. საგნობრივი საკითხების სწავლება თვითმიზანს არ წარმოადგენს.
საგნობრივი საკითხების მეშვეობით მოსწავლე გაიაზრებს ცნების შინაარსს, ამუშავებს საკვანძო შეკითხვებს, ასრულებს კომპლექსურ დავალებებს.
თემის ფარგლებში დასამუშავებელი ცნებები
ცნებები განსაზღვრავს იმ არსებით ცოდნას, რომელსაც მოსწავლე საგნის ფარგლებში უნდა დაეუფლოს.
თემატური საკვანძო შეკითხვები
თემატური საკვანძო შეკითხვები გამომდინარეობს საფეხურებრივი კითხვებიდან და დაისმის თემის კონკრეტულ კონტექსტში. ისინი აღვიძებს მოსწავლის ცნობისმოყვარეობას და მის წინარე ცოდნას უკავშირებს თემის ფარგლებში დასამუშავებელ ცნებებს. საკვანძო შეკითხვები, როგორც ვექტორები,  თემის სწავლა-სწავლების პროცესს შედეგებისკენ მიმართავს.
აქტივობები
დავალებების ტიპები/ნიმუშების ჩამონათვალი, რომლებიც გამოიყენება გაგება-გააზრებისა და შეჯამების პროცესების, ასევე ცოდნის განმტკიცების ხელშესაწყობად.

კომპლექსურ/პროექტულ დავალებათა იდეების ჩამონათვალი
კომპლექსური/პროექტული დავალებები წარმოადგენს იმგვარ დავალებებს, რომელთა შესრულება მოითხოვს სხვადასხვა ცოდნათა  ინტეგრირებულად  გამოყენებას ფუნქციურ კონტექსტებში.
შეფასების ინდიკატორები
შეფასების ინდიკატორები სტანდარტის შედეგებიდან გამომდინარეობს და აჩვენებს, რა უნდა შეძლოს მოსწავლემ კონკრეტული თემის ფარგლებში.  სხვა სიტყვებით, ინდიკატორები წარმოადგენს  კონკრეტულ თემაში რეალიზებულ შედეგებს.
შეფასების ინდიკატორებზე დაყრდნობით შემუშავდება კრიტერიუმები კონკრეტული დავალებების შეფასების რუბრიკებისთვის.
მკვიდრი წარმოდგენები
სტანდარტში გამოყოფილ ცნებებზე დაყრდნობით განისაზღვრება მკვიდრი წარმოდგენები. ისინი გამოხატავს სტანდარტის შედეგებსა და შინაარსში ასახულ არსებით  ცოდნას, რომელიც თემის სწავლის შედეგად უნდა დარჩეს მოსწავლის ხანგრძლივ მეხსიერებაში.


როგორ აიგება სასწავლო თემა?
სასწავლო თემის ასაგებად უმთავრესი ორიენტირებია სტანდარტის შედეგები. ისინი სტანდარტში სავალდებულო სახითაა განსაზღვრული. ცნებებსა და შედეგებზე დაყრდნობით განისაზღვრება მკვიდრი წარმოდგენები, საკვანძო კითხვები და შეფასების ინდიკატორები.

სასწავლო თემის სწავლა-სწავლების მიზნით შემდეგ ეტაპზე უნდა განისაზღვროს საგნობრივი საკითხები, რესურსები, დავალებების ტიპები/ნიმუშები გაგების, გააზრების, განმტკიცებისა და შეჯამების მიზნით. ასევე მნიშვნელოვანია განისაზღვროს იდეები შემაჯამებელი კომპლექსური დავალებებისთვის, რადგან მხოლოდ კომპლექსური დავალებების საშუალებით შეიძლება გამოვლინდეს, რამდენად დაეუფლა მოსწავლე  თემის ფარგლებში ასათვისებელ ცოდნა-უნართა ერთობლიობას და რამდენად ახერხებს მათ ფუნქციურად გამოყენებას.

სასწავლო თემის აგების ბიჯები

ნაბიჯი 1. მკვიდრი წარმოდგენების  დადგენა


ნაბიჯი 2.  თემატური საკვანძო კითხვების დასმა


ნაბიჯი 3. შეფასების  ინდიკატორების განსაზღვრა


ნაბიჯი 4. თემატური  საკითხების განსაზღვრა


ნაბიჯი 5.  აქტივობებისა და მიმდინარე დავალებების  დაგეგმვა და რესურსების  შერჩევა


ნაბიჯი 6. შემაჯამებელი კომპლექსური დავალებების შემუშავება

საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლების მნიშვნელოვანი მიდგომები
გაკვეთილებზე მოსწავლეები ხშირად სვამენ „რატომ“ კითხვებს. სწავლების პროცესი ისე უნდა წარმართოს, რომ ამ კითხვების დიდი ნაწილი შეიცვალოს ,,როგორ“ კითხვებით. ,,როგორ“ კითხვები ბევრად უფრო ამძაფრებს კვლევის წინაპირობას, ვიდრე ,,რატომ“ კითხვები. გაკვეთილის დაწყებისთანავე მასწავლებელმა მოსწავლეებში უნდა აღძრას ინტერესი საკითხისა თუ თემის ირგვლივ, გაზარდოს მოტივაცია. მხოლოდ ამის შემდეგ უჩნდებათ მოსწავლეებს დამატებითი კითხვები, თუ „როგორ“ და „რატომ“ წარმოიშვა ესა თუ ის ფენომენი. საწყისი შეკითხვა შეიძლება მოდიოდეს მოსწავლისაგან, მასწავლებლისაგან, სახელმძღვანელოდან, ინტერნეტიდან ან რაიმე სხვა წყაროდან. კითხვის განსაზღვრაში მასწავლებელი გადამწყვეტ როლს ასრულებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მასწავლებლის როლი იმ შემთხვევაში, თუ კითხვა მოსწავლეებმა უნდა ჩამოაყალიბონ. ამა თუ იმ თემასთან დაკავშირებით კითხვების შერჩევის დროს მასწავლებელი უნდა დაეყრდნოს მოსწავლეების წინარე ცოდნას და გამოცდილებას. მასწავლებელმა ისიც უნდა გაითვალისწინოს, რომ მოსწავლეების მიერ დასმული კითხვა გამომდინარეობს მათივე დაკვირვებებით მიღებული ინფორმაციიდან, ამდენად, პასუხიც მათ ცოდნასა და განვითარების დონეს უნდა შეესაბამებოდეს. კვლევა მოსწავლეებისათვის საინტერესო ხდება მაშინ, თუ ის მათთვის მნიშვნელოვან და საინტერესო საკითხს ეფუძნება, რომელსაც აქვს კავშირი ყოველდღიურ ცხოვრებასთან.
საბუნებისმეტყველო მეცნიერების სტანდარტის მოთხოვნების მისაღწევად აუცილებელია, მოსწავლე ჩართული იყოს კვლევა-ძიების პროცესებში და ჰქონდეს უწყვეტი პრაქტიკა. მოსწავლეები კვლევის არსს ვერ იგებენ მხოლოდ ტერმინების, მაგალითად, ჰიპოთეზა – დასწავლით, ან სხვადასხვა პროცედურის, მაგალითად, მეცნიერული კვლევის ეტაპების – დამახსოვრებით. მოსწავლე თვითონ უნდა იყოს ჩართული პროცესში. მაგ., თვითონ განსაზღვროს კვლევის ეტაპები, რათა უფრო ღრმად ჩასწვდეს მის არსს. ამასთან, კვლევა-ძიებითი აქტივობების მხოლოდ ჩატარება არ კმარა. კვლევა-ძიება და მისი შედეგების გააზრება ერთდროულად უნდა ხდებოდეს.  სწავლა-სწავლების ახალი მიდგომა მოითხოვს მოსწავლეების ჩართვას მეცნიერული ცოდნის შეფასებაში. კვლევაში ჩართულმა მოსწავლეებმა და მასწავლებელმა უნდა დასვან შემდეგი კითხვები: 
·         რა ხდება, რა მოვლენა ან პროცესი მიმდინარეობს?
·         მოვლენის/პროცესის რა მახასიათებლები გვაქვს?
·         რომელი მახასიათებლები არ გვჭირდება?
·         რა სახის ცვლადები გვაქვს?
·         პასუხობს თუ არა მიღებული მონაცემები კვლევის მიზანს?
·         რა ახსნა შეიძლება მოვუძებნოთ ამ მონაცემებს?
·         რით სჯობს ერთი რომელიმე ახსნა დანარჩენებს?
საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლების პროცესში პრაქტიკული სამუშაოს გამოყენებას ფუნდამენტური როლი ენიჭება. მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელმა შეძლოს კლასში პრაქტიკული სამუშაოს ეფექტიანი წარმართვა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა. პრაქტიკული სამუშაოს დამთავრების შემდეგ კი დიდი მნიშვნელობა ენიჭება სამუშაოს შედეგების განხილვისა და შეჯამების მიზნით დისკუსიის წარმართვას.
მიზნების გათვალისწინებით, სწავლების დროს შეიძლება გამოყენებული იყოს შემდეგის სახის პრაქტიკული სამუშაოები:
1.       სადემონსტრაციო ცდა პრაქტიკული სამუშაოები, რომელთა მიზანია კონკრეტული მეცნიერული მოვლენის ილუსტრირება;
2.       გასავარჯიშებელი პრაქტიკული სამუშაოები – სავარჯიშოები, რომლებიც ექსპერიმენტების ჩატარების ტექნიკას, ხელსაწყოების მოხმარების პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას ემსახურება;
3.       კვლევა-ძიებითი პრაქტიკული სამუშაოები და მათი მიზანია, მოსწავლეებმა ისწავლონ კვლევა, ნაბიჯ-ნაბიჯ მიყვნენ კვლევის ციკლის ეტაპებს. გამოიყენონ გასავარჯიშებელი პრაქტიკული სამუშაოების დროს მიღებული ცოდნა და უნარები.
4.       პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული პრაქტიკული სამუშაოები გულისხმობს ისეთ აქტივობებს, სადაც მოსწავლეებს რეალური ობიექტებით მანიპულირების გზით უწევთ პრობლემის გადაჭრა - პრაქტიკული გამოსავლის მოძებნა.
სწავლის უნარების გასაუმჯობესებლად მნიშვნელოვანია ზრუნვა მეტაკოგნიციის უნარების განვითარებაზე, რისთვისაც მასწავლებელმა პერიოდულად სამი ტიპის აქტივობა უნდა ჩაატაროს. ეს აქტივობებია:
ა) სტრატეგიების მოდელირება: მასწავლებელი მოსწავლეებთან  ერთად ასრულებს დავალებას და დავალების შესრულებისას „ხმამაღლა ფიქრობს“ იმაზე, თუ როგორ შეასრულოს დავალება (მაგ., კარგად გავეცნოთ პირობას და დავაკვირდეთ, რას მოითხოვს იგი; აქვს თუ არა პირობას თანხმლები მასალა და მისთ.);
ბ) წინმსწრები მეტაკოგნიტური პაუზა, ანუ დავალების შესრულებამდე დაფიქრება და მსჯელობა გადასადგმელ ნაბიჯებზე - მას შემდეგ, რაც მოსწავლეები გაეცნობიან დავალების პირობას, შევასრულებინებთ მეტაკოგნიტური ხასიათის ამგვარ აქტივობას: მათ ჯგუფთან ერთად უნდა განსაზღვრონ ის გზა, რომლითაც დავალებას შეასრულებენ, სახელდობრ: დეტალურად აღწერონ დავალების შესრულების  ეტაპები  (რას შეასრულებენ რის შემდეგ და სხვ.), ასევე სტრატეგიები, რომლებსაც გამოიყენებენ თითოეულ ეტაპზე. ჯგუფებმა უნდა წარმოადგინონ თავიანთი ნამუშევრები და იმსჯელონ შერჩეული გზებისა თუ  სტრატეგიების მიზანშეწონილობაზე.
გ) შემდგომი მეტაკოგნიტური პაუზა, ანუ დავალების შესრულების შემდეგ დაფიქრება და მსჯელობა გადადგმულ  ნაბიჯებზე - მას შემდეგ, რაც მოსწავლეები შეასრულებენ კონკრეტულ დავალებას,  მათ უნდა გაიხსენონ და აღწერონ განვლილი გზა:  რა გააკეთეს რის შემდეგ? რა ხერხები გამოიყენეს მუშაობისას? რა გაუჭირდათ ან რა გაუადვილდათ? განხორციელებული მოქმედებების აღწერის შედეგად მოსწავლეები გააცნობიერებენ იმ ფაქტს, რომ მიზნის მისაღწევად არსებობს სხვადასხვა გზა და ხერხი, რომლებზეც დავალების შესრულებამდე უნდა დაფიქრდნენ (ოპტიმალური გადაწყვეტილების მისაღებად). მეტაკოგნიტური პაუზა მოსწავლეებს განუვითარებს სწავლის უნარებს და აუმაღლებს სწავლის ქმედუნარიანობას.

ე) შეფასება

საკლასო შეფასება უნდა შეესაბამებოდეს ეროვნული სასწავლო გეგმის პირველი კარის მე-7 თავში განსაზღვრულ შეფასების პრინციპებს,  მიზნებსა და ამოცანებს. 
სწავლის ხარისხის გაუმჯობესების ხელშესაწყობად უპირატესობა უნდა მიენიჭოს განმავითარებელ შეფასებას, რომელიც აფასებს მოსწავლეს თავის წინარე შედეგებთან მიმართებით, ზომავს ინდივიდუალურ წინსვლას და, ამდენად, აძლევს მოსწავლეს ცოდნის ეტაპობრივი კონსტრუირების საშუალებას.
მნიშვნელოვანია, მოსწავლე თავად იყოს ჩართული განმავითარებელ შეფასებაში. სწავლის პროცესის შეფასება მოსწავლეს გამოუმუშავებს დამოუკიდებლად სწავლის უნარ-ჩვევებს, დაეხმარება სწავლის სტრატეგიების ათვისებაში, საშუალებას მისცემს, გაცნობიერებულად შეუწყოს ხელი საკუთარ წინსვლასა და წარმატებას. შეფასებაში ჩართვის ძირითადი მიზანია მოსწავლის გათვითცნობიერება სწავლის პროცესებში, რაც მას ამ პროცესების გააზრებულად და დამოუკიდებლად მართვას შეასწავლის.

შემაჯამებელი (განმავითარებელი და განმსაზღვრელი) შეფასება
შემაჯამებელი შეფასებისთვის გამოიყენება კომპლექსური, კონტექსტის მქონე დავალებები, რომელთა შესრულება მოითხოვს სტანდარტით განსაზღვრული ცოდნისა და უნარების ინტეგრირებულად და ფუნქციურად გამოყენებას. ამ დავალებათა შესაფასებლად შეფასების რუბრიკა, ანუ კრიტერიუმების ბადე გამოიყენება.
მოსწავლეს თითოეული სასწავლო თემის დამუშავების შემდეგ ევალება შემაჯამებელი დავალების წარმოდგენა. შემაჯამებელი დავალებების მინიმალური რაოდენობა წლის განმავლობაში სავალდებულო სასწავლო თემების რაოდენობას ემთხვევა.

ტიპობრივი დავალებები შემაჯამებელი შეფასებისათვის
სტანდარტის მოთხოვნათა მიღწევის შესაფასებლად რეკომენდებულია შემაჯამებელ დავალებათა მრავალფეროვანი ფორმების გამოყენება. შემაჯამებელის დავალება უნდა იძლეოდეს იმ ცოდნისა და უნარების სრულფასოვნად შეფასების საშულებას, რომლის დაუფლებასაც ემსახურებოდა სწავლების პროცესი.
აბუნებისმეტყველო საგნების შემაჯამებელ დავალებათა ტიპები შეიძლება იყოს: ტესტი, მოდელირება, პროექტი, პრეზენტაცია, პრობლემის გადაჭრაზე დაფუძნებული დავალებები. ექსპერიმენტის შედეგების ანალიზი, საველე/გასვლითი სამუშაოს ანგარიში და სხვა.
ტესტი - ტესტური დავალებების ერთობლიობა. ტესტური დავალებები შეიძლება იყოს როგორც დახურული, ასევე - ღია. დახურული ტიპის დავალებების ქულების წილი მთლიან ტესტში, სასურველია, არ აღემატებოდეს 30%-ს. ღია ტიპის დავალებები უნდა ამოწმებდეს მოსწავლეების ანალიტიკური აზროვნების უნარებს. სასურველია, ღია ტიპის ტესტურ დავალებებში წამყვანი იყოს კითხვები „რატომ“, „როგორ“. საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ტესტური დავალებები უნდა მოიცავდეს სქემების, ნახატების და ნახაზების წაკითხვის, გაგების და ანალიზის კომპონენტსაც. მოსწავლეს უნდა მოეთხოვებოდეს გრაფიკული მაორგანიზებლებით მოცემული ინფორმაციის წაკითხვა და/ან გრაფიკული მაორგანიზებლების აგება პროცესების აღწერის მიზნით.
კვლევა-ძიებაზე დაფუძნებული დავალებები (მათ შორის ექსპერიმენტული სამუშაოები)  -  დავალებები, რომლებიც მოითხოვენ მოსწავლეების ჩართვას როგორც პრაქტიკულ კვლევით აქტივობებში, ისე მონაცემების დამუშავების, ანალიზის ინტერპრეტაციაში.
მოდელირება - პროცესის, მოვლენის, ობიექტის ანალოგის გამოყენება ან/და შექმნა. მოდელი შეიძლება იყოს როგორც ორგანზომილებიანი (სამეცნიერო ნახატი/ნახაზის შექმნა), ასევე სამგანზომილებიანი. მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებმა შეძლონ ახსნან მოდელის კომპონენტების ფუნქციები,  მოდელის დახმარებით აღწერონ პროცესები, მოდელი შექმნან გარკვეული პრობლემის გადასაჭრელად. აუცილებელია მოსწავლეებმა იმსჯელონ მოდელის შეზღუდვებზე (მაგ., ატომის სიბრტყეზე გამოსახული სქემა არასრულფასოვნად აჩვენებს როგორ მოძრაობენ ელექტრონები ატომბირთვის გარშემო).
პრობლემის გადაჭრაზე დაფუძნებული დავალებები - შესრულებული სამუშაო უნდა მოიცავდეს, პრობლემის განსაზღვრას, ანალიზს, პრობლემის გადაჭრის ოპტიმალური გზის შერჩევას და პრობლემის გადაჭრას. პრობლემის გადაჭრაზე დაფუძნებული დავალება უნდა იძლეოდეს  ალტერნატიული გადაჭრის გზების არსებობის შესაძლებლობას.
პროექტი - შესრულებული სამუშაო უნდა მოიცავდეს პრობლემის/საკითხის ანალიზს; პრობლემის/საკითხის ირგვლივ შეგროვებული ინფორმაციის ანალიზს, პროექტის დაგეგმვის და შესრულების (აქტივობების) აღწერას, დასკვნებს, პროექტის საბოლოო პროდუქტს. 
პრეზენტაცია - შესრულებული ნაშრომის წარდგენა აუდიტორიის წინაშე. მნიშვნელოვანია, რომ პრეზენტაცია არ უნდა იყოს მოძიებული ინფორმაციის წარდგენა. საპრეზენტაციო დავალება უნდა იძლეოდეს საშუალებას, თითოეულმა მოსწავლემ/ჯგუფმა წარმოადგინოს საკუთარი ორიგინალური გადაწყვეტილება, ანალიზი, შეფასება ან სხვა.

მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს შემაჯამებელი განმსაზღვრელი შეფასებისათვის განკუთვნილი დავალება
·         თითოეულ დავლალებას უნდა ახლდეს პირობა და დავალების პირობის შესაბამისი შეფასების რუბრიკა, რომელიც კონკრეტულ დავალებასთან მორგებული, და არა ზოგადი;
·         დავალების შეფასების რუბრიკა, სტანდარტის შედეგების გარდა, უნდა ეფუძნებოდეს ეროვნული სასწავლო გეგმის გამჭოლ უნარებსა და ღირებულებებს;
·         10 ქულა უნდა გადანაწილდეს რუბრიკაში შემავალ კრიტერიუმებზე;  

შეფასების რუბრიკის ნიმუში

დავალება/აქტივობა:  ექსპერიმენტის დაგეგმვა და ჩატარება
შეფასების კრიტერიუმები
     ქულები
კომენტარი
1. კვლევის მიზნის განსაზღვრა
0-1

2.  ჰიპოთეზის ჩამოყალიბება
0-1

3. ექსპერიმენტის დაგეგმვა (ეტაპების განსაზღვრა,    ცვლადების დადგენა შესაბამისი რესურსების შერჩევა)
0-2

4. მონაცემების შეგროვება და ორგანიზება
0-1

5.  მონაცემების  ანალიზი, დასკვნების გამოტანა
0-2

6. სამუშაოს წარდგენა/პრეზენტაცია
0-2

7. ძალისხმევა
0-1




Комментариев нет:

Отправить комментарий